E ISSN 1987 - 8257

www.energyonline.ge

საერთო ნაწილი Печать E-mail
27.09.2010 16:52

1. ელექტროენერგიის ტარიფების რეგულირების მრავალვარიანტული მოდელის რეალიზება განუზღვრელი პარამეტრების პირობებში

დ.ჩომახიძე, თ.ცაბაძე, ს.ბარათაშვილი, დ.ბერიკაშვილი
(საქართველო)

სტატია განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი GNSF/ST08/7-475).

წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.



2. ენერგეტიკული ობიექტების მძლავრი სინქრონული ელექტროამძრავების სიჩქარეების იმპულსური მართვა

ჟ.დავიდიანი
(სომხეთი)

წარმოდგენილია სინქრონული ელექტროამძრავების სიჩქარეების იმპულსური ჩართვისა და მართვის ახალი მეთოდი, რომლის რეალიზება სწარმოებს სტატორის გრაგნილის კვებით უშუალოდ ქსელიდან ტირისტორული კომუტატორის საშუალებით. დენის იმპულსები სინქრონიზებულია როტორის მდგომარეობის მიმართ და რეგულირებულია ფაზის გათვალისწინებით. იმპულსური მართვის წესი უზრუნველყოფს ძრავის ნორმალურ ჩართვას უშუალოდ ცვალებადი დენის ქსელიდან. ამავე დროს, ადგილი არ აქვს მანქანისა და ქსელის გადატვირთვას.

იმპულსური მართვის მოწყობილობის მასა – გაბარიტები და ღირებულება რამდენჯერმე უფრო მცირეა, ვიდრე აქამდე არსებული ანალოგიური მოწყობილობების.

იმპულსური მართვის აღნიშნული წესი ახალი მიმართულებაა ცვლადი დენის მართვადი მანქანების თეორიასა და პრაქტიკაში.



3. ზღვის შელფზე განლაგებულ მცირე გარსშემოდენილ ნაგებობაზე პროგრესულ ტალღისგან განვითარებული დატვირთვის პროგნოზის განსაზღვრის ექსპრეს-მეთოდიკა

თ.გველესიანი
(საქართველო)

დამუშავებულია გარსშემოდენილ ნაგებობაზე (ზღუდარზე) ჰიდროდინამიკური (ტალღური) დატვირთვის განსაზღვრის სწრაფი მეთოდიკა. ზღუდარი ხასიათდება განივი კვეთის სწორკუთხა ფორმით შედარებით მცირე ზომებით. ნაგებობა წარმოდგენილია როგორც წყალსატევის (ზღვის შელფური ზონის) ფსკერთან დამაგრებული.

ავტორის მიერ ადრე მიღებული მაპროქსიმირებელი ფორმულების საშუალებით სრულდება როგორც ტალღის ფარდობითი სიგრძის, ასევე სითხის ნაწილაკების სიჩქარისა და აჩქარების სწრაფი პროგნოზი ნაგებობის გასწორში, რის შედეგადაც განისაზღვრება ინერციული და სიჩქარითი ტალღური დატვირთვები, აგრეთვე დატვირთვის მაქსიმალური მნიშვნელობა.

შედეგები, რომლებიც მიღებულია როგორც ზემომოყვანილი გაანგარიშების საფუძველზე, ასევე მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, გვიჩვენებს მათ კარგ თანხვდომას.



4. იმპულსური ტალღის დინამიკური ზემოქმედება ტალღჩამქრობი ნაგებობის წინა წახნაგზე

თ.გველესიანი
(საქართველო)

ავტორის მიერ წინა წლებში სითხის პოტენციალური ტალღური მოძრაობის ხაზოვანი თეორიის საფუძველზე მიღებული იყო ანალიტიკური დამოკიდებულება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია აღიწეროს ტალღის ურთიერთქმედების პროცესი ჰიდროტექნიკური, მათ შორის ტალღჩამქრობი, ნაგებობების წინა წახნაგთან. მიღებულია, რომ ეს უკანასკნელი განლაგებულის ზღვის შელფური ზონის წყლის ზედაპირთან ან წყალსატევის ნაპირთან, რომლის ფსკერი გამაგრებულია ტროსებით.

ავტორის მიერ შემოთავაზებული მოდელის შესაბამისად, წარმოიქმნება რთული ფორმის ტალღა. ამის მიზეზია ის იმპულსური ზემოქმედება, რომელიც სქემატიურად ასახიერებს ძლიერი ქარის მოვარდნას. ტალღის ურთიერთქმედება ნაგებობასთან განიხილება დინამიკური ტალღური დატვირთვის შესაბამისად, რომელიც ცვალებადი მნიშვნელობისაა დროში, ტალღის ნაგებობაზე დაცემისა და მისგან უკუგდების ზემოქმედების გამო.



5. გარემოს  მდგომარეობის შეფასების ასპექტები მერქნული საწვავის გამოყენების მიმართ

თ.კანდელაკი
(საქართველო)

განხილულია საწვავად გამოსაყენებლი ტყის მდგრადი მეთოდებით, ჭრითა და ბიომასის მოპოვებით გამოწვეული სპეციფიკური ეფექტები. აღნიშნულია, რომ მსოფლიოს გამოცდილებით მთლიანობაში ამ ქმედებების დადგენილი წესით ჩატარების ზეგავლენა ტყის ეკოსისტემაზე გაცილებით უფრო მცირეა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებთან შედარებით, რომელთაც იწვევს, მაგალითად ტყის ინტენსიური (პირწმინდა) ჭრები. Kკონკრეტულად შეფასებულია ისეთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები, როგორიცაა: პროდუქტიულობის შემცირება და გრძელვადიანი  წარმოების დანაკარგების რისკი, ნიადაგის ბიოლოგია, ორგანული ნივთიერებების ეფექტის გათვალისწინებით; ზეგავლენა ნიადაგის ტემპერატურეზე და ტენიანობაზე; ფლორასა და ფაუნაზე; თესლის გადარჩენასა და ადრეულა განვითარებაზე; ატმოსფეროს (ჰაერის) ემისია; ნაცრის დამუშავება; მერქნული საწვავის დამზადებით, გადამუშავების შენახვისა და ტრანსპორტირების ღონისძიებების შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ასპექტები, როგორიცაა: ტუტის წარმოქმნა, ნახშირორჟანგის პრობლემები, ჰაერის დაბინძურება ხე-ტყის დამზადებისა ტრანსპორტირების შედეგად; ნავთობის, ქიმიკატებისა და სხვა ნივთიერებების გაჟონვა, ხანძრის საშიშროება და სხვა საფრთხე და ა.შ. სტატიაში ძირითადად გამოყენებულია საქართველოში, სკანდინავიის ქვეყნებსა და კანადაში ჩატარებული კვლევის შედეგები.



6. მზის ენერგიის გამოყენების პოტენციალი საქართველოს მოსახლეობის ცხელწყალმომარაგებისთვის. თანამედროვე ჰელიოსისტემების სქემები და კლასიფიკაცია

თ.მიქიაშვილი, თ.ჯიშკარიანი, გ.არაბიძე, ო.კიღურაძე, ბ.ჩხაიძე, რ.კანდელაკი
(საქართველო)

მოცემულია თანამედროვე ჰელიოსისტემების თბური (ტექნოლოგიური) სქემების სისტემატიზაციის, ჰელიოდანადგარების კლასიფიკაციისა და შედარებითი დახასიათების შედეგები. შეფასებულია ცხელწყალმომარაგებისთვის საჭირო ენერგიის დანახარჯები საქართველოს საყოფაცხოვრებო სექტორში და ამ მიზნით ჰელიოსისტემების გამოყენების ეფექტურობა. ნაჩვენებია საქართველოს მოსახლეობის მიერ ცხელწყალმომარაგებისთვის მოხმარებული ენერგიის სტრუქტურა და მისი გარდაქმნის ეკოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც მიღებულია საექსპერტო შეფასებებით, გარკვეული დაშვებების საფუძველზე. შეფასებულია დანაზოგები, რომლებიც შესაძლებელია მიღწეულ იქნეს საყოფაცხოვრებო სექტორში ცხელწყალმომარაგების არსებული საშუალებების ჩანაცვლებისას მზის ენერგიით და გაანალიზებულია ჰელიოდანადგარების საინვესტიციო ეფექტურობა ასეთი ჩანაცვლების პირობებში. მოცემულია ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე წყალგამაცხელებელი ჰელიოსისტემების ფასები. მოყვანილია საქართველოში ერთი საშუალო სტატისტიკური (4-სულიანი) ოჯახისთვის საჭირო ჰელიოდანადგარის მთავარი კვანძის – მზის კოლექტორის შთანთქმის ზედაპირის ფართობისა და ცხელი წყლის ავზის ტევადობის შეფასების გამარტივებული მეთოდიკა.



7. სიღრმული ელექტროძრავების არასრულფაზური და ასიმეტრიული სამუშაო რეჟიმების ციფრული მოდელირება

რ.ი.მუსტაფაიევი, რ.ა.საიდოვი
(აზერბაიჯანი)

სიღრმული ელექტროძრავების არასრულფაზური და ასიმეტრიული სამუშაო რეჟიმების შესასწავლად შემუშავდა ციფრული მათემატიკური მოდელი, სადაც სამანქანო განტოლებები ჩაიწერა ფიქსირებულ სამფაზიან კოორდინატების სისტემაში, რომელიც პერსონალური კომპიუტერული ფორმის შესაფერისია.



8. ცვლადი სიხშირის ასინქრონულგენერატორიანი ქარის ელექტროსადგუ-რების სამუშაო რეჟიმები

რ.ი.მუსტაფაიევი, ლ.ჰ.ჰასანოვა
(აზერბაიჯანი)

წარმოდგენილია მათემატიკური მოდელი (მდგომარეობის მოდელი) და ამ მოდელზე შესწავლილია ასინქრონულგენერატორიანი ქარის ელექტროსადგურების სხვადასხვა სამუშაო რეჟიმები. მათი სიხშირის კონტროლი ხდება როგორც სტატორიდან, ასევე როტორიდან. შემოთავაზებულია ანალიტიკური გამოთვლის მოდელი და იგი შედარებულია წარმოდგენილ მათემატიკურ მოდელთან.



9. არატრადიციული ლამინარული ბრტყელპარალელური დაწნევითი მოძრაობის გამოკვლევა

ა.სარუხანიანი, ა.მანუკიანი
(სომხეთი)

განიხილება ბლანტი სითხის არასტაციონარული ბრტყელპარალელური დაწნევითი მოძრაობა ნებისმიერ საწყისი და სასაზღვრო პირობებისთვის.

მიღებულია მყისიერი სიჩქარეების განაწილების კანონზომიერებები ცოცხალი კვეთის მიმართ საერთო შემთხვევისთვის, როდესაც სიჩქარეების საწყისი განაწილება და წნევის ვარდნა მოცემულია ნებისმიერი ფუნქციის სახით. მყისი სიჩქარეების მიღებული კანონზომიერებები საშუალებას იძლევა გამოითვალოს მოძრაობის რაოდენობისა და კინეტიკური ენერგიის კოეფიციენტები, დაუმყარებელი მოძრაობისას წარმოქმნილი ენერგიის კარგვა, დროში სიჩქარეების პროფილის ცვალებადობა (დეფორმაცია), მოძრაობის რაოდენობის კოეფიციენტებისა და კინეტიკური ენერგიის პარამეტრების მნიშვნელობები.


 10.ნაკადის კოჰერენტულობის პარამეტრები

ნ. თავართქილაძე, გ. თავართქილაძე
(საქართველო)

წიგნი გამიზნულია მეცნიერთათვის და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისთვის, რომელთაც სურთ სპეციალიზება: საინჟინრო ჰიდრავლიკაში, მელიორაციაში, ჰიდროენერგეტიკაში, ასევე შეიძლება გამოიყენონ შესაბამის სპეციალობის ასპირანტებმა და მაგისტრებმა, რათა გააღრმავონ თავის ცოდნა საინჟინრო ჰიდრავლიკაში.

პირველად ავტორების მიერ საინჟინრო ჰიდრავლიკაში შემოღებული იქნა ნაკადის კოჰერენტულობის პარამეტრი - გრეხვის ინერციის რადიუსი ჰიდრავლიკური რადიუსის მაგივრად, რომელიც ითვალისწინებს მეორად დინებას, რომელიც წარმოიქმნება არაწრიული კვეთის მქონე მილებში და ღია არხებში, საერთოდ შიდა დინებებში.



გამოქვეყნდა 02.10.2010 19:19
 
© 2023 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.