მთავარი ინოვაციები ორმაგი დანიშნულების ინოვაციური პროექტი


E ISSN 1987 - 8257

ორმაგი დანიშნულების ინოვაციური პროექტი Печать E-mail
24.03.2011 13:38



„ჰესის წყალსაცავის ცვალებადნიშნულიანი ჰესი-ნავმისადგომი.“
(ანიმაციური კლიპი ჟინვალჰესის წყალსაცავის მაგალითზე)

ტრადიციული ჰესები მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობენ მხოლოდ მათი წყალსაცავების მაქსიმალური დონის არსებობის პირობებში. დონის შემცირების პროპორციულად ერთი მხრივ მცირდება საკუთრივ ჰესის გამომუშავება, ხოლო მეორე მხრივ  ადგილი აქვს წყალსაცავში ჩამდინარე მდინარის პოტენციური ჰიდროენერგიის კარგვას. მისი  სიდიდე პროპორციულია წყალსაცავის მაქსიმალურ დონეზე ჩამდინარე მდინარის და წყალსაცავის მიმდინარე დონის ნიშნულებს შორის სხვაობის სიდიდის. არსებული ტექნოლოგიებით ვერ ხერხდება აღნიშნული  ენერგიის სასარგებლოდ გამოყენება და შესაბამისად ელექტროენერგიის წარმოება. 

ინოვაციური ტექნოლოგიით ელექტროენერგია იწარმოება  მდინარის იმ  პოტენციური ჰიდროენერგიის ხარჯზე, რომელიც წარმოიქმნება წყალსაცავის ჩამოცლის (შემოდგომა-ზამთარი) და მისი შევსების (გაზაფხული) პერიოდებში.

მკვებავი მდინარის წყალი, წყალსაცავის დონის მაქსიმალური ან მეტი სიდიდის ნიშნულიდან დერივაციული არხით (ან მილსადენით), მიეწოდება ორ წყალმიმღებს, რომლებიც  ლითონის მოძრავ მალებზე განთავსებული მილსადენებით მიერთებული არიან (სილფონური გადასასვლელებით) წყალსაცავზე მოტივტივე პლატფორმაზე განლაგებულ ჰიდროაგრეგატებთან. ამასთან ჰიდროაგრეგატებით ელექტროენერგიის გენერაცია იწყება წყალსაცავის დონის (პლატფორმის ნიშნულის) 3-5 მეტრით შემცირებისას მაქსიმალურთან შედარებით და გრძელდება წყალსაცავის დონის მინიმალურ ნიშნულამდე და შემდეგ მინიმალურიდან საწყის ნიშნულამდე ცვლილების პირობებში.

ინოვაციური ჰესით, კერძოდ ჟინვალჰესის წყალსაცავის შემთხვევაში, ელექტროენერგიის მეტი წილი (66 %) იწარმოება შემოდგომა-ზამთრის თვეებში.  საქართველოს ჰესებზე, პირიქით, აღნიშნულ თვეებში, წყალსიმცირის გამო, სამჯერ და მეტად მცირდება ელექტროენერგიის გამომუშავება. 

ინოვაციურ ჰესს გააჩნია უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები თანაზომადი სიმძლავრის ტრადიციულ ჰესებთან შედარებით.

ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენება პრაქტიკულად ნებისმიერი ტრადიციული ჰესის  წყალსაცავზეა შესაძლებელი.

ჟინვალჰესის წყალსაცავზე max და min დონეთა შორის სხვაობა 40 მეტრია. მკვებავი მდინარეების: თეთრი და ფშავის არაგვის შესართავებთან  შესაძლებელია ორი ცვალებადნიშნულიანი ჰესის განთავსება სიმძლავრით 7 მგვტ თითოეული, ჯამური წლიური გამომუშავებით 43 მლნ.კვტ.სთ. 

ინოვაციური პროექტის თანახმად წყალსაცავზე მოტივტივე პლატფორმა, რომელიც ნაპირთან დაკავშირებული იქნება საბაგირო გზით, გამოიყენება ნავმისადგომად, რაც გამორიცხულია სხვა შემთხვევაში, მარეგულირებელი წყალსაცავების დონის მკვეთრი ცვალებადობის გამო. ამასთან პლატფორმა ენერგეტიკულთან ერთად აღჭურვილი იქნება კვების, გასართობი და სპორტული ბლოკებით.პროექტის განხორციელების შემთხვევაში, აკუმულატორიანი ნავებით წყალსაცავის აქვატორიის დათვალიერება და  წყლის თხილამურებით ჯომარდობა უპირობოდ მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის და ჯანმრთელი ცხოვრების მოყვარულთათვის. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია საქართველოში ტურიზმის ინტენსიური განვითარებისთვის. 

პროექტი შემუშავებულია ტექნ. მეცნ . დოქტორების ვაჟა ჯამარჯაშვილის და გიორგი გიგიბერიას მიერ საქართველოს პატენტის №3735, 2004.03.18. საფუძველზე (ავტ. ვ ჯამარჯაშვილი).

გამოქვეყნდა 29.03.2011 10:44
 
© 2024 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.