E ISSN 1987 - 8257

განახლებადი ენერგია Печать E-mail
16.02.2021 13:49

აირტურბინული კომბინირებული ციკლის ოპტიმიზაციის ამოცანები

თ. მიქიაშვილი, ნ. ჩაღმელაშვილი
საქართველო

ენერგეტიკული ინდუსტრიის განვითარების მიმდინარე ეტაპზე აირტურბინული კომბინირებული ციკლის დანადგარებისთვის მთავარი გამოწვევა მანევრულობის გაუმჯობესებაა, რაც მოითხოვს მათი  თერმოდინამიკური პარამეტრების, ტექნოლოგიური სქემების, მართვისა და რეგულირების სისტემების ოპტიმიზაციას მუშაობის რეჟიმების მოთხოვნების შესაბამისად. ოპტიმიზაციის ამოცანა ემყარება დანადგარების ეფექტიანობის მრავალმხრივ ანალიზს სხვადასხვა ფაქტორზე დამოკიდებულებით.

ნაშრომი ეძღვნება აირტურბინული კომბინირებული ციკლის თერმოდინამიკურ ანალიზს და პარამეტრების ოპტიმიზაციას. მასში ფორმულირებულია ციკლის თერმული მქ კოეფიციენტი ერთ- და სამწნევიანი ორთქლის კონტურის გამოყენებისას, ასევე დამატებითი სათბობის წვის და მის გარეშე შემთხვევებისთვის; გაანალიზებულია მქ კოეფიციენტის ცვლილება აირისა და ორთქლის ციკლების, ასევე ქვაბ-უტილიზატორის მქ კოეფიციენტებისა და თერმოდინამიკური პარამეტრების ცვლილებებზე დამოკიდებულებით; განსაზღვრულია ციკლის ეფექტიანობაზე მოქმედი მთავარი ფაქტორები; ფორმულირებულია ოპტიმიზაციის ამოცანა, რომლის გადაწყვეტითაც დგინდება  კომბინირებული ციკლის თერმული მქ კოეფიციენტის ცვლილების ხასიათი - ის მკვეთრად იზრდება აირტურბინული ციკლის საწყისი პარამეტრებისა და ნაკლებად ორთქლტურბინული ციკლის საწყისი პარამეტრების გაზრდის დროს. გადახურებული ორთქლის წნევის ზრდა არ იწვევს კომბინირებული ციკლის მქ კოეფიციენტის მნიშვნელოვან ზრდას. მას აქვს ექსტრემუმის წერტილი, საიდანაც საწყისი წნევის ზრდა ამცირებს ციკლის მქ კოეფიციენტს.  

რეალური ციკლის დანადგარების ოპტიმიზაციისთვის გასათვალისწინებელია ორთქლის ქვაბ-უტილიზატორის კონკრეტული მახასიათებლები, ასევე ნამუშევარი ორთქლის ტენიანობის ცვლილება საწყისი პარამეტრების მიხედვით და სხვ. ამ დროს მქ კოეფიციენტების მაქსიმალური მნიშვნელობები  მიიღწევა იდეალური ციკლებისგან განსხვავებულ საწყის პარამეტრებზე, მართვისა და დაგეგმარების ოპტიმიზაცია კი ხორციელდება სიმძლავრეებისა და მუშაობის რეჟიმების კონკრეტული პირობებისთვის.   

გამოქვეყნდა 16.02.2021 14:02
 
© 2022 EnergyOnline. ყველა უფლება დაცულია.