კავშირი "მეცნიერება და ენერგეტიკის" საქმიანობა |
|
|
16.10.2009 18:54 |
კავშირი "მეცნიერება და ენერგეტიკა" დაფუძნდა 2003 წელს. იგი სამართალმემკვიდრეა შპს ჟურნალი "ენერგიის" და მის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას შეადგენს სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალ "ენერგიის" გამოცემა. კავშირი "მეცნიერება და ენერგეტიკის" დამფუძნებლები არიან:
- საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
- საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული აკადემია;
- საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
- ინსტიტუტი "თბილჰიდროპროექტი";
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
1997 წლიდან ჟურნალი "ენერგია" გამოდის ტირაჟით 200 ეგზ. გამოცემის პერიოდულობა კვარტალში ერთხელ. ჟურნალს მიღებული აქვს საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი ISSN 1512-0120, გამოცემა რეფერირებულია ტექინფორმის რეფერატულ ელექტრონულ ბაზაზე და რუსეთის რეფერატულ ბაზაზე.
საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს 1998 წლის 22 იანვრის პრეზიდიუმის სხდომაზე განხილულ იქნა ჟურნალის სააკრედიტაციო მასალები, რის საფუძველზე იგი ჩაითვალა აკრედიტირებულ და რეცენზირებად ჟურნალად. საქართველოს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჟურნალი "ენერგია" რეგისტრირებულია საავტორო უფლებათა და ინტელექტუალური საკუთრების საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს მიერ, რის შესაბამისად ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო და საინფორმაციო მასალა დაცულია საავტორო უფლებით, ხოლო თვით ჟურნალს კი მიენიჭა საავტორო უფლების დაცვის საერთაშორისო ნიშანი ©.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს და აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულია დადგენილება (დადგენილება სადისერტაციო საბჭოების შესახებ) ჩაითვლოს ჟურნალი "ენერგია" საქართველოში დაფუძნებულ პერიოდულ სამეცნიერო გამოცემად.
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შედგება ენერგეტიკის დარგში მომუშავე ცნობილი სპეციალისტებისაგან: საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული აკადემიის პრეზიდენტი რ.არველაძე, საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი დ.ზუბიტაშვილი, ა.მოწონელიძე, დ.ნამგალაძე, დ.ლაოშვილი, გ.არაბიძე, შ.გაგოშიძე, ვ.ჯამარჯაშვილი და სხვები. ჟურნალში შემოსული ყველა სტატია გადის აუცილებელ რეცენზირებას. ჟურნალში მოქმედებს შემდეგი სექციები: ჰიდროენერგეტიკა, თბოენერგეტიკა ელექტროენერგეტიკა, ჰიდროტექნიკური სამშენებლო მასალები, ეკოლოგია და გარემოს დაცვა, ნორმატიული დოკუმენტების განხილვა, ახალი ტექნიკური გადაწყვეტები.
კავშირ "მეცნიერება და ენერგეტიკაში" მოქმედებს სასერტიფიკაციო ორგანო მშენებლობაში. ასევე მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. 2006 წელს აქ მოღვაწე მეცნიერთა ჯგუფის მიერ "ღია საზოგადოება საქართველოში" წარდგენილმა პროექტმა მიიღო გრანტი, 2007 წელს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსში ასევე მოიპოვა გრანტი, ხოლო 2009 წელს კი მოიპოვა ამერიკული ფონდის USAID-ის (ECI-ის პროექტის მიხედვით) საკონკურსო გრანტი.
|
გამოქვეყნდა 06.12.2010 17:07 |