გუმათჰესების კასკადი |
28.01.2010 12:02 |
გუმათჰესების კასკადის შემადგენელი ჰიდროელექტროსადგურები გუმათჰესი I და გუმათჰესი II ითვალისწინებენ მდინარე რიონის შუა წელის ენერგეტიკულ გამოყენებას 12 კმ მონაკვეთზე სოფელ ჟონეთიდან რიონჰესის წყალსაცავამდე. ქ. ქუთაისიდან 7 კილომეტრის დაშორებით, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, მდინარე რიონზე აგებულია 30 მ სიმაღლის ბეტონის გრავიტაციული კაშხალი, რომელიც ქმნის 13 მლნ მ3 სასარგებლო მოცულობის წყალსაცავს. გუმათჰესი I გუმათჰესების კასკადის პირველ საფეხურს წარმოადგენს დღე-ღამური რეგულირების, კაშხალთანმდებარე ტიპის ჰიდროელექტროსადგური _ გუმათჰესი-1. სადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1958 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 44 (4 ხ 11) მეგავატი და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 249 მილიონი კილოვატსაათი. გუმათჰესი II გუმათჰესების კასკადის მეორე საფეხურს წარმოადგენს დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგური _ გუმათჰესი II. სადგური მუშაობს გუმათჰეს I-ის მიერ ტურბინებში გატარებულ წყალზე, რომელიც მიეწოდება გუმათჰესს II. სადგური ექსპლუატაციაში გადაეცა 1956 წელს. მისი დადგმული სიმძლავრეა 22.8 (3 ხ 7.6) მვტ და საპროექტო საშუალო წლიური გამომუშავება 127 მლნკვტსთ. იმყოფება კერძო საკუთრებაში. |
გამოქვეყნდა 28.01.2010 12:03 |